პრემიერი: უცხოელების გამო ადგილობრივი მუშახელი არ უნდა დაზარალდეს

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობაზე დასაქმებული
მშენებლობაზე დასაქმებული - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2025
გამოწერა
ადრე, შრომითი ასოციაციები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ უცხოელები მათ შრომის ბაზრიდან აძევებდნენ.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოში დასაქმებული უცხოელებისთვის სავალდებულო სამუშაო ნებართვის შემოღებას ითვალისწინებს, საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში ნებისმიერ უცხოელს აეკრძალება სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობა. ამასთან, ხელისუფლება შეზღუდავს უცხოელი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი პროფესიების ჩამონათვალს.
„ჩვენს მოქალაქეებს სხვადასხვა სფეროში პრობლემას უქმნის ის, რომ მათთან კონკურენციაში შედიან ადამიანები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ნებისმიერ სახელმწიფოში მკაცრადაა მოწესრიგებული შრომის ნებართვის საკითხები და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. აქამდე არ იყო არსებითი რეგულაციები, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სიახლის დანერგვის თაობაზე", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბაზარზე უნდა არსებობდეს ისეთი სექტორები, სადაც საქართველოს მოქალაქეები კონკურენციისგან უნდა იყვნენ თავისუფლები.
„არის სფეროები, სადაც ძალიან უჭირს ბიზნესს ადგილზე მუშახელის შოვნა და ამისათვის არის პრაქტიკა ბევრ სექტორში, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყავთ მუშახელი. ეს პრაქტიკაც უნდა იყოს დაშვებული, სადაც არის შესაბამისი დეფიციტი. ბუნებრივია, ეკონომიკასა და ბიზნესს ვერ გავაჩერებთ, მაგრამ სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ ინტერესი, რომ შესაბამის სფეროში თავად დასაქმდნენ, იქ კონკურენცია შეგვიძლია შევზღუდოთ, ეს არის საერთო მიდგომა“, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, არაერთმა შრომითმა ასოციაციამ, მათ შორის სილამაზის სალონებმა, რესტორნებმა, ტუროპერატორებმა, გიდებმა და სხვა მცირე ბიზნესებმა გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა რიცხვი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, შრომის ბაზრიდან მათ აძევებენ და შესაბამისად, მათი ფინანსური მდგომარეობა უარესდება.
სიახლეები
ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოში დასასაქმებლად ან ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, უცხოელებს სამუშაო ნებართვის მიღება მოუწევთ. ის გაიცემა მხოლოდ ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებზე.
ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ უცხოელი ვალდებული იქნება საქართველოში სამუშაო ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადი შეიტანოს.
სამუშაო ბინადრობის ნებართვის გაცემისას გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ ყოველთვიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმის ხუთჯერად მაჩვენებელს, ხოლო ბრუნვა უნდა იყოს მინიმუმ 50 ათასი ლარი თითოეული დასაქმებული უცხოელისთვის.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამუშაო ნებართვის მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მისი პროფესია ან კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ან თუ მისი პროფესია შედის ჩამონათვალში, სადაც უცხოელთა მიღება შეზღუდულია, რადგან ქვეყანაში ამ პროფესიებში სამუშაო ძალა აღემატება ან აჭარბებს მოთხოვნას.
კანონის დარღვევის შემთხვევაში უცხოელები და მათი დამსაქმებელი კომპანიები 2-დან 7 ათას ლარამდე ოდენობით ჯარიმას დაექვემდებარებიან.
ყველა ახალი ამბავი
0