ამოქმედდა რუსეთში შესვლის ახალი წესები - საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokovრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2025
გამოწერა
რუსეთში უვიზო რეჟიმით შემსვლელ უცხოელებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ონლაინ-რეგისტრაციის გავლა წინასწარ შეუძლიათ
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. უცხოელებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის უფლება აქვთ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ერთიან იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის სისტემაში 2025 წლის 30 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე, ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის განცხადებაში.
სექციის ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩატარდება რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2024 წლის 7 ნოემბრის დადგენილებით მიღებული უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და გასვლის წესებისა და პირობების აპრობაციის ექსპერიმენტის მეორე ეტაპი.
„ექსპერიმენტის ფარგლებში, რუსეთში უვიზოდ შემოსულ უცხოელ მოქალაქეებს სთავაზობენ წინასწარ დარეგისტრირდნენ ერთიან იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის სისტემაში და წარადგინონ განაცხადი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ ელექტრონული ფორმით ruID მობილური აპლიკაციის საშუალებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სექციაში აღნიშნეს, რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და შევსებული განაცხადის არარსებობა გავლენას არ მოახდენს სასაზღვრო კონტროლზე და არ იქნება რუსეთში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი.
თუმცა, აღნიშნულია, რომ ruID-ის აპლიკაციაში განაცხადის შევსება უცხოელებს არაერთ უპირატესობას მისცემს, რაც მიმართულია მათი კომფორტული ყოფნის უზრუნველყოფაზე რუსეთის ფედერაციაში.
ამგვარად, მითითებული მობილური აპლიკაციის მომხმარებლები წინასწარ შეამოწმებენ, ვრცელდება თუ არა მათზე შეზღუდვები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთში შესვლაზე დააწესა.
გარდა ამისა, აპლიკაციაში მოცემული ინფორმაცია გამოყენებული იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქის ციფრული პროფილის შესაქმნელად, რაც მომავალში საშუალებას მისცემს სამთავრობო უწყებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთქმედებას მთლიანად ელექტრონული ფორმით, რაც შეამცირებს ადმინისტრაციულ და სხვა ბარიერებს სახელმწიფო სერვისების მიღებაში (ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევის პოლისის შეძენა, თვითდასაქმებულად რეგისტრაცია და ა.შ.).
რუსეთის ფედერაციაში შესვლისას, შესვლის განაცხადში მოცემული მონაცემების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ავტომატურად მიენიჭება SNILS (ინდივიდუალური პირადი ანგარიშის დაზღვევის ნომერი), რომელიც აუცილებელია საკომუნიკაციო ხელშეკრულების გაფორმებისთვის (SIM ბარათის შეძენა).
ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმით, მათ შორის ერთიანი ელექტრონული ვიზით შესვლის პროცედურა უცვლელი რჩება.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო და 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული, ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ასევე მოკლევადიანი სწავლისთვის ვიზის გარეშე დარჩენის უფლება ყოველი 180 დღიდან 90 დღემდე ვადით შეუძლიათ.
მოგვიანებით, 2024 წლის 10 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ახალი ბრძანებულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გაფართოვდა და უკვე აღარ არსებობს ის გამონაკლისები, რისთვისაც ადრე ვიზა იყო საჭირო.
კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს ამიერიდან შეეძლებათ რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე შესვლა „შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნის მიზნით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0