მშობლების საყურადღებოდ: თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაცია იწყება

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2025
გამოწერა
რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდება.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის 24:00 საათამდე.
პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:
სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 ათას ქულას;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები
სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;
ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისის 10:00 საათზე და გაგრძელდება 20 ივლისის 24:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, ის ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.
რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება 2 წელი.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
ყველა ახალი ამბავი
0