ფასიანი პარკირების არეალი ფართოვდება: რომელი ქუჩები ემატება ზონალურ-საათობრივ სისტემას

© photo: Sputnik / Stringerზონალურ-საათობრივი პარკინგი
ზონალურ-საათობრივი პარკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2025
გამოწერა
დედაქალაქში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ლი აგვისტოდან კიდევ რამდენიმე რაიონში ამოქმედდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ახალი პარკირების ზონები მოიცავს მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის, დიდი დიღმისა და ბაგების კონკრეტულ მისამართებს, ასევე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირს.
„ზონალურ-საათობრივი პარკირება საშუალებას აძლევს რაიონის მცხოვრებლებს, რომ ავტომობილების სანომრე ნიშნების საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სახლთან ახლოს პარკირება უფასოდ გამოიყენონ,“ - განაცხადა კალაძემ.
ახალი პარკირების ადგილები:
მთაწმინდის რაიონი - მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩები, ჯამში 596 ადგილი
ვაზისუბანი - ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩები, ჯამში 160 ადგილი
დიდი დიღომი - ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩები, ჯამში 324 ადგილი
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი - ჯამში 160 ადგილი
ბაგები - ზურაბ საკანდელიძის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი, ჯამში 100 ადგილი.
მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ მაცხოვრებლებს 1-ელი ივლისიდან შეეძლებათ სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურებში ავტომობილების რეგისტრაცია გაიარონ, რათა ზონალურ არეალებში უფასო პარკირებით ისარგებლონ.
საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება შემდეგ მისამართებზე:
1.
ბესიკის ქუჩა N25-ის მოპირდაპირედ;
2.
ტარას შევჩენკის ქუჩა N5;
3.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა N9;
4.
წყნეთის გზატკეცილი N49-ის მოპირდაპირედ;
5.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N112;
6.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N142;
7.
ოსიპ მანდელშტამის ქუჩა N3;
8.
ფარნავაზ მეფის გამზირი N1 ;
9.
ფარნავაზ მეფის გამზირი N35;
10.
პეტრე იბერის ქუჩა N24.
ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.
სხვა შემთხვევაში სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე მოქალაქეს შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0