მოსაზრება: ნატოს სამიტი ჰააგაში - ახალი მიზნები და არსებობის ტარიფები

© photo: Sputnik / Alex Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2025
გამოწერა
ნატოსგან კარგი მოლოდინი არავის აქვს, მის ვეტერან წევრებსაც კი. ივნისის სამიტი ჰააგაში აშშ-ის „დემონური“ ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს: ჩამოყალიბებულია ახალი მიზნები და წევრობის ფასი ამ ელიტურ „თვითმკვლელთა კლუბში“. კოგნიტიური დისონანსი მკაფიოდ იკვეთება სამიტის ძირითად დეკლარაციებში: „ნატო არ იმყოფება ომის მდგომარეობაში, მაგრამ არც მშვიდობაშია“. სამხედრო ბლოკის ეს მესამე მდგომარეობა – კრიზისია.
ჰააგაში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, 24–25 ივნისს იმართება ნატოს „გადამწყვეტი მნიშვნელობის“ სამიტი, რომელშიც 32 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. ღონისძიება სპეციალურად არ ტარდება ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში და არც მეორე უდიდეს ქალაქ როტერდამში – ჰააგა ევროპაში ითვლება ქალაქად, სადაც „ისტორია იწერება“. შუასაუკუნოვან დეკორაციებში თეატრალიზებული ღონისძიების მთავარი მიზანი არქაული ალიანსის მოდერნიზაციის პრობლემების გადაჭრაა.
მანამდე, ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ახალი ამბიციური სამოქმედო პარამეტრები შეათანხმეს: „3,5% მშპ – საბაზისო ძალებსა და საშუალებებზე, 1,5% მშპ – ინფრასტრუქტურაზე“. შესაბამისად, ჰააგაში განიხილება და კენჭს უყრიან წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებს.
მიზნები საკმაოდ მარტივად ფორმულირდება: ალიანსი ისწრაფვის, გახდეს „უფრო ძლიერი, სამართლიანი და მომაკვდინებელი“, ბირთვული შეკავების „საპირწონე ქვაკუთხედით“, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო საშიში ხდება მშვიდობიანი და არაბირთვული მეზობლებისათვის.
მაგრამ წევრობის ფასი გაცილებით რთული თემაა: ნატოს უკომპრომისო ლიდერი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ ალიანსის ყველა წევრმა წელიწადში თავდაცვაზე დახარჯოს მშპ-ს 5%. ეს მაჩვენებელი, პრაქტიკულად, დაუძლეველია. თუნდაც ევროპის ეკონომიკის „ლოკომოტივი“ – გერმანია – გეგმავს თავდაცვის ბიუჯეტის 3,5%-მდე გაზრდას მხოლოდ 2029 წლისთვის. ბრიტანეთმა კი, თავის მხრივ, აღუთქვა, რომ 2027 წლისთვის მიაღწევს 2,5%-ს. შეგახსენებთ, 2014 წელს მიზნობრივი მაჩვენებელი 2% იყო. დღეს ჰააგაში ალიანსის ქვეყნების უმეტესობა თანახმაა, 2035 წლისთვის სამხედრო ხარჯები გაზარდოს მშპ-ს 3,5%-მდე.
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ოპტიმიზმს ასხივებს: „ადამიანებმა გაიაზრეს – თუ გსურთ ლონდონში ინგლისურად საუბრის შენარჩუნება და არა რუსულად, საკუთარ თავს უნდა იცავდეთ რუსეთისგან, რომელიც ამჟამად ოთხჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე ნატოს ყველა ქვეყანა ერთად“.
ამბიციური სულელები და უაზრო მიზნები ყოველთვის ვიღაცისთვის მოგების წყაროა (ამაზეა აგებული ბიზნეს-ტრენინგების უმრავლესობა). რეფორმატორი დონალდ ტრამპი სამიტზე უხილავად ტრიალებს „შერიგებული“ ფრაქციების თავზე, როგორც მიხეილ გორბაჩოვი – სსრკ-ის 28-ე ყრილობაზე. The Guardian-ის უახლესი პროგნოზი ასეთია: „ნატოს სამიტი ტრამპისთვის ტრიუმფალური იქნება, ხოლო უკრაინისთვის – მარცხიანი“.
ნატოსთვის უმთავრეს საფრთხედ ტრადიციულად რუსეთი ითვლება და ჰააგაში მიმდინარე სამიტზე თავდაპირველად იგეგმებოდა ახალი, უფრო მკაცრი სტრატეგიის მიღება რუსეთის მიმართ. თუმცა, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ: „ახალი სტრატეგია ვაშინგტონის დაჟინებული მოთხოვნით გაუქმდა“. უფრო მეტიც – კომიუნიკეს პროექტში უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაპირება არ ჩანს, რაც წინა სამიტებზე ფიგურირებდა. გაცილებით მეტი შანსი აქვს იორდანიას, სადაც ახლახან ალიანსის ოფისი გაიხსნა.
ჰააგაში „უკრაინული აქცენტი“, პრაქტიკულად, არ შეინიშნება. ვლადიმირ ზელენსკი მიწვეულია მხოლოდ არაოფიციალურ ვახშამზე – შესაძლოა, როგორც პიანისტი. ალიანსმა აიღო ვალდებულება, რომ მიმდინარე წელს კიევს გამოუყოფს დამატებით 20 მილიონ ევროს „უსაფრთხოების სფეროში დახმარებისათვის“, ხოლო 2026 წელს – კიდევ 35 მილიარდ ევროს. ეს თანხები ძნელად შესადარებელია წარსულთან. მით უმეტეს, ეს მილიარდები ჯადოსნურად არ გარდაიქმნება იარაღად და საბრძოლო მასალად.
კიევისადმი მხარდაჭერის ვექტორი აშკარად ინაცვლებს აშშ-დან „ევროპული სტრუქტურებისკენ, მათ შორის ევროკავშირის და სამხედრო დახმარების დონორთა საკონტაქტო ჯგუფისკენ, რომელსაც ახლა ხელმძღვანელობენ ბრიტანეთი და გერმანია“. ერთობლივი სამხედრო წარმოების პროექტები რეალობას ვერ ცვლის: „ევროპა ვერ ახერხებს იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც გამოწვეულია აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის არარსებობით“.
„რამშტაინის ფორმატისა“ და უკრაინის საბჭოს შეხვედრები თანდათან წარსულს ბარდება. აშშ-ის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერები – დონალდ ტრამპი, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო – ღიად აცხადებენ: „კარგი ურთიერთობები კრიზისულ ქვეყნებთან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, ხოლო ომი უკრაინაში ნატოს უფრო დაუცველს ხდის და არა პირიქით“. ეს წინააღმდეგობაშია ნატოს დანარჩენი ნაწილის პოზიციასთან, რომლისთვისაც უკრაინა რუსეთთან ბრძოლის წინა ხაზია.
მარკ რუტე ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეათანხმოს ფრაქციები, თუმცა ალიანსის შიგნით გაურკვევლობა იზრდება.
Politico-ს დასკვნით, „აშშ აღარ არის ნატოსა და ევროპის უსაფრთხოების მამოძრავებელი ძალა“. ვაშინგტონი, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეებს „ბირთვულ ქოლგას“ უტოვებს, ამცირებს საკუთარ სამხედრო ყოფნას ევროპაში. დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პირველ ვადაში გააფრთხილა ალიანსი აშშ-ის შესაძლო გასვლის შესახებ, „დაუნიშნა ფასი“ ამერიკულ უსაფრთხოების გარანტიებს და კიდევაც მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ნატოს გადაუხდელი წევრების მიმართ „ქნას რაც უნდა“. აშკარაა, რომ მეხუთე მუხლი ყველასთვის არ მოქმედებს.
ალიანსი ამაყობს, რომ ბოლო წლებში აღმოსავლეთ ფლანგზე ჩამოაყალიბა წინა ხაზის (ფაქტობრივად, მყიფე) სამხედრო ჯგუფები ბულგარეთში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. თითქოს და ეს დემონსტრირება უნდა იყოს, როგორც „მოკავშირეთა მზადყოფნისა და შემართების წარმოჩენა საკუთარი ტერიტორიისა და მოსახლეობის დასაცავად“. თუმცა, რატომ აქვთ დღეს ჰააგაში თავმოყრილ მამაც ბიჭებს ასეთი მოწყენილი სახეები? იმიტომ რომ ისინი კარგად ხვდებიან: ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებზე თავდასხმას არავინ აპირებს, ხოლო გადახდა მაინც მოუწევთ.
გარდა ამისა, ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი ორმხრივი მახვილია. თუ „ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა მთელ ალიანსზე“, მაშინ ერთ-ერთი წევრის აგრესია (მაგალითად, რუსეთის მიმართ) შეიძლება, აღმოჩნდეს „ისტორიის დასასრული“ ყველა მოკავშირისთვის. განურჩევლად სამხედრო ბიუჯეტის ზომისა და პათოსური ლოზუნგების.
არავის აქვს ნატოსგან მოლოდინი, რომ რამე კარგს მოიტანს –მათაც კი, ვინც 1949 წლიდანვე არის მისი წევრი. არ არის გასაკვირი, რომ ჰააგაში ათასობით ადამიანი გამოვიდა სამიტის წინააღმდეგ და მშვიდობის მხარდასაჭერად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0