მდინარაძე: უცხოელებს დასასაქმებლად სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვება დასჭირდება

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2025
გამოწერა
საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მიმდინარე კვირაში მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" ქვეყანაში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. შესაბამისი ცვლილებები – „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც 16 ივნისის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა.
ცვლილებების თანახმად, შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი, აღნიშული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები, დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები.
„საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. მაგალითად, თუ აქამდე რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რომ უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას იმ დამსაქმებლებისთვის, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე, დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესები სრულყოფილად დარეგულირდება და მართვის მიზნით განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები და ფუნქციები. კანონდარღვევისთვის დაჯარიმდება არა მხოლოდ უცხოელი, რომელიც წესს დაარღვევს, არამედ მისი დამსაქმებელიც, დასძინა მდინარაძემ.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმდეს საქართველოში, სავალდებულოა მხოლოდ მისი რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ შრომითი მიგრაციის სისტემაში, მექანიზმები კი, რომლებიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, უარი უთხრას უცხოელებს საქართველოში დასაქმებაზე შრომის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე, კანონით არ არის დადგენილი.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული საქართველოში განაპირობებს არაკვალიფიციური ან ჭარბი ოდენობის მუშახელის შემოსვლას, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც.
„ეს, ერთი მხრივ, გააადვილებს ქართველებისთვის დასაქმებას და, მეორე მხრივ, ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე მოგვცემს ზუსტ მონაცემებს. იმ მიმართულებით, სადაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი, გადამზადების პირობებს განსაზღვრავს სახელმწიფო“, – განაცხადა მდინარაძემ.
შრომითი მიგრაციის წესების დარღვევა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უცხოელების მიერ დასაქმების უფლების დარღვევა ფულად ჯარიმას დაექვემდებარება.
ცვლილებების თანახმად, ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით.
ასევე 2000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომით საქმიანობაზეც. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლების რამდენჯერმე დარღვევა მოხდება, ორმაგი და სამმაგი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.
გარდა ამისა, ცვლილებებით, შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში გამოიწვევს: წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 ათასი ლარის ან 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 ათას ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 ათას ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 ათას ლარს, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 ათას ლარს აღემატება, დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით; ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის, მათ შორის, იმ პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება, რომელზეც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება, ამ უფლების განახლების გარეშე ამ შრომითი იმიგრანტისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. პროექტში მითითებულია, რომ თუ ამ მუხლის დარღვევა რამდენჯერმე მოხდება, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ორმაგი და სამმაგი ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0