იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება

© High Council of Justice of Georgiaიუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2025
გამოწერა
ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 6 არამოსამართლე, ხოლო 9 მოსამართლე წევრია. ერთ არამოსამართლე წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს - პარლამენტი; მოსამართლე წევრები კი მოსამართლეთა კონფერენციის გზით შეირჩევიან.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი ფუნდამენტურად იცვლება, შშესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტის თანახმად, საბჭოს 15-წევრიან შემადგენლობაში მოსამართლეთა რაოდენობა იზრდება - შემოთავაზებულია 11 მოსამართლის არჩევა მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ, რომლებსაც ისევ დაემატება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც Ex Officio წევრი თავისი უფლებამოსილების ვადით.
პროექტის მიხედვით, საბჭოში იქნება 12 მოსამართლე წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ორი წევრი (დღეს არსებული ხუთი წევრის ნაცვლად) და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ერთი წევრი.
„მოსამართლეთა ამგვარი ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობის არსებობა მართლმსაჯულების საბჭოში საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადია. აღნიშნული მოდელი ხელს შეუწყობს სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებას და სისტემისთვის ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად მიღებას მხოლოდ მოსამართლე წევრების მხარდაჭერითაც კი“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, უქმდება კანონის მოქმედი რედაქციით საბჭოს დაკომპლექტებისას დაწესებული შეზღუდვა - საბჭოს მოსამართლე წევრთაგან თითო წევრი მაინც წარმოადგენდეს თითოეული ინსტანციის სასამართლოს.
ამჟამად მოქმედი შეზღუდვის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა წევრის პირობებში, ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლეთა რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ უნდა აღემატებოდეს ოთხს. ვინაიდან ამგვარი წესით არჩეულ მოსამართლეთა რაოდენობა 8-დან 11-მდე იზრდება, ლოგიკურია, რომ გაიზარდოს საბჭოში ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლეთა რაოდენობაც. მოსამართლეთა თვითმმართველ ორგანოს უნდა შეეძლოს, შეუზღუდავად აირჩიოს მისთვის სასურველი მოსამართლე საბჭოში, მიუხედავად იმისა, ეს მოსამართლე იკავებს თუ არა ადმინისტრაციულ თანამდებობას სასამართლოში ან თუ რომელი ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ასევე უქმდება საბჭოს წევრთა განახლებასთან მიმართებით დაწესებული შეზღუდვა რომელიმე ექვსთვიან პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტ წევრთა არჩევის დაუშვებლობის შესახებ.
„სრულიად გაუგებარია ეს შეზღუდვა იმ ვითარებაში, როდესაც რაღაც ობიექტური ვითარების გამო საბჭოს ოთხზე მეტ წევრს ერთდროულად უწყდება უფლებამოსილება, რატომ უნდა ელოდოს სასამართლო სისტემა ახალი ექვსთვიანი ვადის დაწყებას იმისათვის, რათა კონსტიტუციური ორგანო სრულად დაკომპლექტდეს და სრულად იყოს ქმედითი სასამართლო სისტემისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების თვალსაზრისით“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0