კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2025
გამოწერა
ყოფილ მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას, კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ეს უნდა დარჩეს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძის დაკავებას.
21 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რომეო მიქაუტაძე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილები ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა.
„კონკრეტულის საქმის დეტალებში მე ვერ შევალ, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და ისინი შეისწავლიან ასეთ საკითხებს, ისინი რეაგირებენ ასეთ საკითხებზე. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობას აქვს გაჟღერებული ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანა ევროპის სამეულში შევიდეს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.
„ამ კუთხით, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობაში, ზოგადად ხელისუფლებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვებრძოლოთ კორუფციას",- განაცხადა პრემიერმა.
რას ედავებიან მიქაუტაძეს
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება უკვე წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მიქაუტაძე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
2021 წელს მან ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4.400.000 დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400.000 აშშ დოლარი.
მიქაუტაძის ოჯახმა ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად 2023 წელს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 120 კვ.მ. ბინის შესაძენად საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599.955 ევრო. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ბრალდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან, რაც მას 2023 წლის 26 ივნისს აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე.
ამას გარდა, კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, მიქაუტაძეს შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842.592 ლარს შეადგენს.
სუს-ის ცნობით, მიქაუტაძემ ეს ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე. გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ამ მეთოდებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2.556.192 ლარის უკანონო ლეგალიზაცია მოახდინა.
მიქაუტაძე ბრალდება სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ბრალის დამტკიცების შემთხვევში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მიქაუტაძე 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 2021 – 2022 ის წლებში ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე იყო.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ენერგეტიკულ კომპანიებში, აგრეთვე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: "ვარციხე ჰესების კასკადი", "ზაჰესი", "ხრამხჰესი", "ჩხოროწუჰესი" და სხვა.
გასულ წელს ოპოზიციურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძე კორუფციულ სქემებში იყო ჩართული და რომ იგი არაერთხელ გამოიძახეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მედიის ცნობით, უწყება მისი ქონებით დაინტერესდა, რომელიც თითქოსდა მან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას დააგროვა. მაშინ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მიქაუტაძემ თანამდებობის დატოვება საკუთარი ნებით გადაწყვიტა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციაა.
ყველა ახალი ამბავი
0