რა გაკეთდა გელათის რეაბილიტაციის მიმართულებით: 2023-2025 წლების ანგარიში

© photo: Sputnik / Stringerგელათის მონასტერი
გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2025
გამოწერა
2021 წლამდე გელათში სახურავიდან წყალმა რამდენჯერმე გაჟონა, დაზიანდა ფრესკები
თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 2023-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორწლიანი ანგარიში მოიცავს გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული მართვის გეგმის პროექტს, გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვისა და ხარაჩოს მოწყობის საკითხებს, კათედრალის სტრუქტურულ კვლევას და მონიტორინგს, გელათის მონასტრის ტერიტორიის გეოლოგიის, სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურის კონსერვაციის, გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის და მოზაიკის საკითხებს, გელათის მონასტრის გენერალურ გეგმას.
როგორც კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუნესკოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტი, რომელსაც ივლისში განიხილავენ.
„ჩვენი საქმიანობა დიდწილად ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე მოდის. ეს არის ჩვენი იდენტობის, კულტურის განმსაზღვრელი. ვიმედოვნებ, რომ ერთად ვნახავთ აღდგენილ გელათს. ეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ახალი სიტყვა იქნება და მსოფლიოს უნდა ვუთხრათ - ჩვენ უდიდესი მემკვიდრეობით მოვდივართ, ქრისტიანობაზე დაფუძნებული უძველესი ევროპული კულტურა ვართ", - განაცხადა რუხაძემ.
გელათის რეაბილიტაციის პრობლემა 2023 წლის აპრილში საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა. მანამდე ეს საქმე კულტურის სამინისტროს ჰქონდა დავალებული. საპატრიარქომ კულტურის სამინისტროს მუშაობის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა და მოითხოვა რესტავრაციის ჩატარება ერთიანი მართვის გეგმით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
გელათის პრობლემები
ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა გაჟონა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
ყველა ახალი ამბავი
0