რა განიხილა მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელთან

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2025
გამოწერა
ADP საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც ასევე მართავს 26 საერთაშორისო აეროპორტს მთელ მსოფლიოში. TAV Airports-ი, რომელიც დღეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვას ახორციელებს, ADP - ის გაერთიანებაში შედის.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თანამშრომლობის გაღრმავებაზე და მომავალ საინვესტიციო შესაძლებლობებზე იმსჯელეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაცია ADP-ს ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ პასკალმა საფრანგეთში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
ADP საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც ასევე მართავს 26 საერთაშორისო აეროპორტს მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საავიაციო ჰოლდინგს. TAV Airports-ი, რომელიც დღეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვას ახორციელებს, ADP-ის გაერთიანებაში შედის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციის, პარიზის შარლ დე გოლის, ორლის და ლე ბურჟეს აეროპორტების მფლობელი და მმართველი ADP ჯგუფის გენერალურ დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ფილიპ პასკალს პარიზის საერთაშორისო საავიაციო გამოფენის ფარგლებში შეხვდა.
„ADP ჯგუფსა და საქართველოს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ჩვენი კომპანიის, TAV Airports-ის მეშვეობით, რასაც მნიშვნელოვანი და მასშტაბური შედეგებიც მოჰყვა. ეს მიღწევები ნათლად აისახა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების წარმატებულ განვითარებაზე. შესაბამისად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის“, - განაცხადა ADP ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფილიპ პასკალმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება - 2024 წელს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა.
მისი თქმით, ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა და იანვარი - აპრილის პერიოდში, სამივე საერთაშორისო აეროპორტი 2 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობით, 60-ზე მეტი სამგზავრო ავიაკომპანია დაახლოებით 100 საჰაერო ხაზზე ოპერირებს და ეს ტენდენცია მზარდია.
„ავიაციის დარგში რეკორდული მაჩვენებლების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა ქვეყნის თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობისა და საავიაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - ქუთაისში განახლდება 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, ხოლო თბილისში დაგეგმილია სრულიად ახალი აეროპორტის მშენებლობა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ვაზიანის აეროპორტი წელიწადში 19 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს, რომელიც რეგიონული ავიაჰაბის ფუნქციას შეასრულებს.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ვაზიანში ახალი აეროპორტის ამოქმედებამდე თბილისის არსებული აეროპორტი, გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში, მგზავრებს შეუფერხებლად მოემსახუროს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გამართული ფუნქციონირებისათვის.
„გვეამაყება, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მზად ვართ, ვაზიანის ახალი აეროპორტის სრულად ამოქმედებამდე, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები თბილისის მოქმედ აეროპორტში. ამის მიზანი ამჟამინდელი გამტარუნარიანობის გაორმაგებაა და ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ აეროპორტმა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული სერვისით, საიმედო და მდგრადი ფუნქციონირება შეძლოს, რათა ეფექტურად მოემსახუროს მომატებულ მგზავრთნაკადს", - აღნიშნა TAV Airports-ის პრეზიდენტმა ერქან კაპტანმა.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ლევან მოსეშვილი, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი, TAV Airports - ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.
ყველა ახალი ამბავი
0