ინფრასტრუქტურული პროექტები ამყარებს საქართველოს პოზიციას შუა დერეფანში: მინისტრის მოადგილე

© Sputnik / STRINGERავტობანი აღმოსავლეთი-დასავლეთი
ავტობანი აღმოსავლეთი-დასავლეთი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2025
გამოწერა
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ხედვას, რომელიც ფოკუსირებულია ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, გზებსა და საგზაო აქტივების მართვაზე, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი, საქართველოს განვითარების პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც აძლიერებს საქართველოს პოზიციებს შუა დერეფანში, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მაღალი თანამდებობის პირთა შეხვედრაში (CAREC Senior Officials Meeting) მონაწილეობს, რომელიც ყირგიზეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს. მისი თქმით, CAREC 2030-ის სატრანსპორტო სტრატეგია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებთან.
„უკვე აშენდა 300 კმ-ზე მეტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომელიც CAREC-ის დერეფნის ნაწილია. დასკვნით ფაზაშია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც წლიურ გამტარუნარიანობას 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე გაზრდის. რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტს, ეს ის მნიშვნელოვანი აქტივებია, რომლებიც აძლიერებს საქართველოს პოზიციას შუა დერეფნის პროექტში“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, აგრეთვე ანაკლიაში ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ხედვას, რომელიც ფოკუსირებულია ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, გზებსა და საგზაო აქტივების მართვაზე, რკინიგზაზე, საგზაო უსაფრთხოებასა და ავიაციაზე.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც CAREC-ის ეგიდით დაგეგმილ აქტივობებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა სტრატეგიის – CAREC 2030 განხორციელებასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ელექტრონული კომერცია და სხვა.
როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ვაჭრობის ხელშეწყობისა და საბაჟო ადმინისტრირების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანია საერთაშორისო დონეზე ვაჭრობისა და სავაჭრო ფინანსური დოკუმენტაციის უკეთესი სინერგიისა და თავსებადობის მიღწევა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა CAREC-ის ქვეყნებს შორის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომუშავე საბაჟო-გამშვები პუნქტების ამოქმედების მნიშვნელობაზე, რაც შეიძლება გახდეს „შუა დერეფნის“ ფარგლებში მოვაჭრეთა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის – ბიუროკრატიულ პროცედურებზე დიდი დროის ხარჯვის მოგვარების გზა.
მისი თქმით, აღნიშნული რეგიონული პროექტის მიზანშეწონილობის კვლევა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და მას პირველად საქართველო და აზერბაიჯანი საპილოტე რეჟიმში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებენ.
როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი, CAREC-ის ქვეყნებს შორის პირველები იქნებიან, სადაც „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომუშავე საბაჟო-გამშვები პუნქტები ამოქმედდება.
მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებზე, რომელთა მიზანია ქვეყნის რეგიონულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება.
გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ენერგეტიკის, ელექტრონული კომერციის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებში, აგრეთვე კლიმატის ცვლილების გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.
შუა დერეფანი
„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
ყველა ახალი ამბავი
0