გარე მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გვაკრიტიკებენ - დეპუტატი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირისა და საქართველოს დროშები საქართველოს დედაქალაქის ცენტრში
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები საქართველოს დედაქალაქის ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2025
გამოწერა
საქართველოს მთავრობა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს და ევროპარლამენტის კედლებში გათამაშებულ მასკარადს სერიოზულად არ აღიქვამს, განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. დასავლეთის მხრიდან საქართველოს კრიტიკა 2021 წლიდან გაძლიერდა, როდესაც აშკარა გახდა, რომ ხელისუფლებაში არის გუნდი, რომელიც არ ემორჩილება გარე მოთხოვნებს და უარს ამბობს გარე ინსტრუქციების შესრულებაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.
18 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება. ევროპარლამენტმა წუხილი გამოთქვა ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებისკენ.
„საზოგადოებასაც ალბათ უკვე თვლა აერია მერამდენე რეზოლუციაა, ექვსს ნამდვილად გადასცდა. განცხადებების თვლაც უკვე შეუძლებელია. ასეთი განცხადებები განსაკუთრებით კეთდება 2021 წლის შემდეგ, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს საქართველოში ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და კონკრეტულ მოთხოვნებსა და მითითებებზე უარი თქვა“, - განაცხადა გორდულაძემ.
შესაბამისად, უნდა დაისაჯოს არა მხოლოდ ხელისუფლება, რომელიც მითითებებს არ ასრულებს „ქართული ოცნების“ გუნდის სახით, არამედ დაისაჯოს ხალხიც, რომელიც ბედავს და ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომლის მთავარი მიზანია სუვერენიტეტის გამყარება და ეკონომიკის განვითარება.
„ამ ფონზე ვხედავთ, რომ ევროპარლამენტი მასკარადად არის გადაქცეული როდესაც ტრანსპარანტებით დგანან ადამიანები და შოუს აწყობენ. ამ ტრანსპარანტებზე ასახულები არიან სისხლიანი მწამებლური რეჟიმის წარმომადგენლები“, - აღნიშნა გორდულაძემ.
რეზოლუციის მიღებამდე ერთი დღით ადრე, ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ, სადაც მოქმედი მთავრობის მიმართ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. დებატების დაწყებამდე კი, რამდენიმე ევროპარლამენტარმა გაშალა ბანერები პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების მხარდასაჭერად. მათ შორის იყო საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატიც.
ეს არის უკვე მეშვიდე კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მოქმედი ხელისუფლების დროს მიიღო. ბოლო რეზოლუცია, „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი გაუარესების შესახებ“, რომელიც მოუწოდებდა სანქციების დაწესებას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ევროპარლამენტმა 2025 წლის 13 თებერვალს მიიღო.
საქართველოს შესახებ წინა რეზოლუციის მსგავსად, ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს მმართველი გუნდის ლიდერების, მათ შორის მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასანქცირება.
„ქართული ოცნება“ ასეთ რეზოლუციებს არასერიოზულსა და უსამართლოს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0