თერჯოლაში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

ქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2025
გამოწერა
ქარის ახალ სადგურს კომპანია Diemen Wind ააშენებს.
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეს მიმდებარედ 50 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, ნათქვამია მედიაპლატფორმა BMG-ს ვებგვერეზე.
საქართველოში 2016 წლიდან გორთან ერთადერთი ქარის სადგური „ქართლი“ ფუნქციონირებს. მისი სიმძლავრე 20 მეგავატია.
თერჯოლაში ქარის ახალ სადგურს კომპანია Diemen Wind ააშენებს. ელექტროსადგური 7 ქარის ტურბინისგან იქნება დაკომპლექტებული, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 7,5 მეგავატი იქნება. ელექტროსადგური კომპანია Goldwind (GW182) მოდელის ქარის ტურბინა გენერატორებით აღიჭურვება.
სადგურის წლიური გამომუშავება 105 მლნ კვტ/სთ იქნება.
ქარის ტურბინა მოძრაობას იწყებს მაშინ, როდესაც ქარის სიჩქარე 2,5 მეტრ წამს გადააჭარბებს, ხოლო 24 მეტრ წამზე უფრო ძლიერი ქარის პირობებში ის უსაფრთხოების მიზნით ჩერდება. შესაბამისად, ქარის ტურბინა 2,5-დან 24 მეტრ წამამდე სიჩქარეებზე ოპერირებს.
2025 წლის იანვარ-აპრილში ქარის ერთდერთმა ელექტროსადგურმა საქართველოში 25,54 მლნ კილოვატ-საათის ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9%-ით ნაკლებია.
ენერგეტიკის განვითარება
ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე გადასვლა მსოფლიო მასშტაბის ტენდენციაა. ეს საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზის და ქარის ენერგიის ინტეგრაციის გაზრდას გეგმავს. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.
ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც მოიცავს მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1,5 ათასი მეგავატი ჯამური სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას აუქციონის გზით.
მთავრობა დარგის განვითარების დაჩქარებას გეგმავს, რისთვისაც უახლოეს ორ-სამ წელიწადში 3-4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავს.
განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 5,1%-ით ნაკლები იყო. გამომუშავებულია 14,2 მლრდ კვტ/სთ - 2023 წელთან შედარებით 1,1%-ით ნაკლები.
წარმოებული ენერგიის უდიდესი წილი - 11,3 მილიარდი კილოვატ-საათი - ჰიდროელექტროსადგურებზე მოდიოდა. თბოელექტროსადგურებმა კი 2,8 მილიარდი კილოვატ-საათი გამოიმუშავეს.
ყველა ახალი ამბავი
0