მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში მეწარმეთა დახმარების პროგრამას აგრძელებს

© photo: Sputnik / Stringerსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2025
გამოწერა
ამ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარს შეადგენს - დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებულია 9 მლნ ლარის ღირებულების 114 ბიზნეს-იდეა.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას 8 ივლისიდან დაიწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა“ 2023 წელს ამოქმედდა, რომლის მიზანია კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების გრანტი ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე იქნება არანაკლებ 30 ათასი ლარიდან არაუმეტეს 100 ათას ლარამდე და პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ის. ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დაწესდა დამატებითი 10%-იანი შეღავათი.
პროექტის ჯამური ღირებულება განცხადების წარდგენისას არ უნდა აღემატებოდეს 500 ათას ლარს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ისე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნეს-იდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
აღნიშნული გამონაკლისები პროგრამაში გაწერილია და მოიცავს სამშენებლო საქმიანობას, დეველოპერულ საქმიანობას, სავაჭრო ობიექტებს, სატრანსპორტო მომსახურებას და ა.შ. პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებაც გამონაკლისს წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნული მიმართულება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსდება და ხელმისაწვდომია ყველასთვის.
ამ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარს შეადგენს - დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებულია 9 მლნ ლარის ღირებულების 114 ბიზნეს-იდეა.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www.rda.gov.ge
ყველა ახალი ამბავი
0