უნივერსიტეტი-ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბი: სამუშაოების ბოლო ეტაპი დასრულდა

© Tbilisi City Hall უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის
უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი  გვირაბის - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2025
გამოწერა
დედაქალაქის ხელისუფლებამ უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა 2024 წლის ივნისის ბოლოს დაიწყო.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის ხელისუფლებამ უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა 2024 წლის ივნისის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაასრულა. ერთადერთი დარჩენილი იყო გვირაბის მიმდებარედ უკუშევსების სამუშაოები.
„აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულებულია. გვირაბის თავზე მოეწყო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი საავტომობილო გზაც, ტერიტორია აღდგა პირვანდელი სახით და არსებული სივრცე სრულად განახლდა. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ტერიტორიაზე დავიწყებთ გამწვანების სამუშაოებს“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა პროექტის მიზანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ხელს უწყობს დედაქალაქში თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას.
„პროექტი მიზნად ისახავს უფრო უსაფრთხო, თანამედროვე და ფუნქციური ინფრასტრუქტურის შექმნას. ასევე, სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებასთან ერთად, საზოგადოებისთვის საცხოვრებელი გარემოს ხარისხის ამაღლებასაც ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ახალ გვირაბს, იგი იწყება უნივერსიტეტის ქუჩაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით, პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითოეული მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, ასევე დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე LED სისტემა. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გვირაბის მიმდებარედ აშენდა ფერდის დამცავი რკინაბეტონის კედლები.
ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა მიხეილ შავიშვილის ქუჩაზეც. კერძოდ, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა, განახლდა გზის საფარი, მოეწყო ტროტუარი, საპარკინგე სივრცეები და საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დამონტაჟდა შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზის სავალი ნაწილი. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
გვირაბის მშენებლობა და შავიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარით დაფინანსდა.
უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩებს შორის გვირაბის მშენებლობის შესახებ ქალაქის ხელისუფლებამ გასული წლის თებერვალში განაცხადა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის გახსნის შემდეგ უნდა დაწყებულიყო - 332 მეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი 2024 წლის 30 მაისს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0