ძიუდო: ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

© Georgian National Olympic Committeeტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2025
გამოწერა
ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია - ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მამაკაცთა შორის 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში გრიგალაშვილი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და მეორე სინჯის მედალს დასჯერდა.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი ორი ქართველი, ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულეს.
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 81 კგ, ხოლო ქალები — 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – ტატო გრიგალაშვილამდე, 15 ივნისს, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ტურნირზე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ყველა ახალი ამბავი
0