საქართველოში ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება: კომუნიკაციების კომისიის ანგარიში

© AP Photo / Pavel Golovkinინტერნეტ-მომხმარებელი
ინტერნეტ-მომხმარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2025
გამოწერა
2024 წელს ინტერნეტის ინდივიდუალურად მომხმარებელთა რაოდენობამ 1,1 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 41,4 ათასი აბონენტით მეტია.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. 2024 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 1,16 მილიონი შეადგინა, რაც 43,7 ათასი აბონენტით მეტია 2023 წელთან შედარებით, ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.
უწყების ცნობით, ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 3,9%-ით, ხოლო იურიდიული პირი აბონენტების - 4,2%-ით არის გაზრდილი.
ბოლო 5 წლის განმავლობაში აბონენტების რაოდენობის წლიური ზრდის საშუალო ტემპმა, ფიზიკური აბონენტებისთვის - 4,5%, ხოლო იურიდიული პირი აბონენტებისთვის - 5,9% შეადგინა.
2024 წელს ინტერნეტის ინდივიდუალურად მომხმარებელთა რაოდენობამ 1,1 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 41,4 ათასი აბონენტით მეტია.
კომპანიების მიხედვით, 2024 წელს ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობის ყველაზე დიდი წილი კვლავ „მაგთიკომზე“ მოდიოდა - 518 ათასი აბონენტი, მეორე ადგილზეა „სილქნეტი", რომელსაც 341 ათასი აბონენტი ჰყავს.
კომპანია „ახალი ქსელების ჯგუფს“ 2023 წლის მსგავსად, 2024 წელსაც 64 ათასი აბონენტი ჰყავდა. 64 ათასი აბონენტი ჰყავდა „სქაიტელსაც“, თუმცა, ამ შემთხვევაში, აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 6 ათასით გაიზარდა.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ამ შემთხვევაში აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა - 24 ათასი „სილქნეტზე“ მოდის, „მაგთიკომით“ სარგებლობს 16 ათასი იურიდიული პირი, „სქაიტელით“ - 6 ათასი, „ახალი ქსელებით“ – 3 ათასი.
ამასთან, 1 მილიონზე მეტი აბონენტი სარგებლობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით, რაც 46 ათასით, ანუ 4,7%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
მეორე ადგილი ფიქსირებულ უსადენო ინტერნეტ-ტექნოლოგიას უჭირავს, რომლის აბონენტების რაოდენობაც, 2023 წელთან შედარებით, 2 ათასით შემცირდა და 97 ათასი შეადგინა.
ასევე 3 ათასით შემცირდა xDSL ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობა და სულ 12 ათასი შეადგინა. რაც შეეხება ფიქსირებულ LTE ტექნოლოგიას, მისი აბონენტების რაოდენობა უცვლელი დარჩა და კვლავაც 4 ათასს შეადგენს.
აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია აბონენტებს სთავაზობს უფრო სწრაფ ინტერნეტს, უფრო დიდ გამტარობასა და დაბალ დაყოვნებას, შესაბამისად ავტორიზებული პირები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ მოძველებული და შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით ჩაანაცვლონ.
როგორც ანგარიშში აღნიშნულია, 2023 წლიდან საქართველოს ბაზარზე Starlink-ის შემოსვლის შედეგად ქვეყანაში ხელმისაწვდომი გახდა სატელიტური ტექნოლოგია, რის შემდეგაც, 2023 წელთან შედარებით, მისი აბონენტების რაოდენობა 1.869-ით გაიზარდა და 2.360 შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0