ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო რამდენი ავიარეისი გაუქმდა საქართველოში?

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2025
გამოწერა
თბილისიდან რეისები გაუქმდა თელ-ავივის, აბუ-დაბის, ერბილის, დელისა და დუბაის მიმართულებით, ბათუმიდან კი ისრაელისა და ირანის ქალაქების მიმართულებით.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო საქართველოს აეროპორტებმა შაბათს დაგეგმილი 19 რეისი გააუქმეს, იუწყება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia.
13 ივნისის ღამეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცაჰალმა) ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც სამხედრო-საჰაერო ძალები ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო სამიზნეებსა და ობიექტებს ანადგურებენ.
„შაბათს თბილისის აეროპორტიდან 15, ბათუმის აეროპორტიდან კი 4 რეისი გაუქმდა", - განუცხადეს ჟურნალისტებს კომპანიაში.
კერძოდ, თბილისიდან რეისები გაუქმდა თელ-ავივის, აბუ-დაბის, ერბილის, დელისა და დუბაის მიმართულებით, ბათუმიდან კი ისრაელისა და ირანის ქალაქების მიმართულებით.
ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე გაუქმდა 14 და 15 ივნისს თბილისი-თელ-ავივის ავიარეისები.
13 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის თეირანში, რამდენიმე სარაკეტო თავდასხმის განახორციელეს, სადაც, ირანული მედიის ცნობით, რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი სამხედრო მოხელე და ბირთვული ფიზიკის მეცნიერი დაიღუპა. ასევე დაიბომბა ნათანზის ბირთვული ობიექტი და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ირანის სამხედრო ბაზები.
დაპირისპირების გამო ისრაელმა, ირანმა, ერაყმა და იორდანიამ საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ბენ გურიონის აეროპორტი დახურა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოქალაქეებისადმი მიმართვაში ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელს „მწარე და საშინელი ბედი“ ელის. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცნობით, ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ისრაელში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3" დაიწყო. ორმხრივი დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
ყველა ახალი ამბავი
0