პატიმრები საქართველოს ციხეებში - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2025
გამოწერა
პატიმართა საერთო რიცხვიდან მხოლოდ 1,8 ათასი ელოდება განაჩენს, დანარჩენები სასჯელს უკვე იხდიან.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2025 წლის 1-ელი მაისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ დაახლოებით 9,1 ათასი ადამიანი შეადგინა, რომელთა შორის 1,1 ათასზე მეტი უცხოელია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
პატიმართა უმრავლესობა მამაკაცია, ამასთან, 1-ელი მაისის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 402 ქალი იყო - მათგან 110 უცხოელი.
პატიმართა საშუალო ასაკი 30-50 წელია. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში 79 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 78 პირი იმყოფება.
პატიმართა საერთო რიცხვიდან მხოლოდ 1,8 ათასი ელოდება განაჩენს, დანარჩენები სასჯელს უკვე იხდიან.
ციხეების დატვირთვის მაჩვენებელი
2025 წლის 1-ელი მაისისთვის საქართველოში არსებული 14 საპატიმრო 74,5%-ით იყო შევსებული. ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან ნახევარზე მეტი განაჩენს ელოდებოდა თბილისის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
რაც შეეხება მსჯავრდებულებს, 40%-ზე მეტი რუსთავის ორ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, 14,9% - თბილისში. დანარჩენი მსჯავრდებულები 11 საპატიმრო დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
რისთვის და სად იხდიან სასჯელს
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი (67%) სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის. კიდევ 23% - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 195 პატიმარია (საერთო რაოდენობის 2,7%) და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში იმყოფება 184 პატიმარი, მათ სამსახურის ან სწავლის გამო საპატიმრო დაწესებულების დროებით დატოვების უფლება აქვთ.
ქალები და არასრულწლოვნები ცალკე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში არიან მოთავსებული.
პატიმრობის პირობები
საქართველოში მსჯავრდებულებს მუშაობის და განათლების მიღების უფლება აქვთ. კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში პატიმრებს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მისაღები გამოცდების ჩაბარება შეუძლიათ.
1-ელი მაისის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში სასკოლო განათლებას იღებდა 72, ხოლო უმაღლეს განათლებას - 43 პატიმარი. კიდევ 165 პატიმარი პროფესიულ განათლებას იღებდა.
დასაქმებული იყო 1.055 მსჯავრდებული. ამასთან, პატიმრები შესრულებული სამუშაოსთვის იღებენ ხელფასს, თანხა მათ ბარათებზე ერიცხებათ. მათ შეუუძლიათ აღნიშნული თანხა ციხის მაღაზიაში დახარჯონ ან გაუგზავნონ ოჯახებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში პატიმართა ნახევარი დაქორწინებულია.
ყველა ახალი ამბავი
0