სოცქსელებში პოსტების გამო დაჯარიმებულთა რაოდენობა იზრდება

© AP Photo / Kin Cheungინტერნეტ-მომხმარებლები
ინტერნეტ-მომხმარებლები - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2025
გამოწერა
დეპუტატების შეურაცხყოფისთვის ჯარიმები 3-4 ათას ლარს შეადგენს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სოციალურ ქსელებში პოსტების გამო საქართველოს პარლამენტის წევრების საჩივრების საფუძველზე შვიდი ადამიანი დაჯარიმდა; ხელისუფლება ამ ფაქტს ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლით ხსნის.
ამ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ადმინისტრაციული დევნა დაიწყო სოციალურ ქსელებში პოსტების გამო, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში კანონის გამკაცრება მოხდა. ცვლილების ინიციატორი და მომჩივანი იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
ამ დროისთვის დეპუტატების - მამუკა მდინარაძის, შალვა პაპუაშვილის, მარიამ ლაშხის და ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფისთვის აქტივისტებისთვის დაკისრებული ჯარიმები 3 ათას და 4 ათას ლარს შეადგენს.
„ქართული ოცნების“ გენმდივანმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შეურაცხყოფა მიუღებელია და უნდა დასრულდეს.
© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
Каха Каладзе - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2025
კახა კალაძე
„შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხისადმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ფიზიკურად გავუსწორდეთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ და ა.შ. უნდა შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, პოლიტიკოსები ვართ, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სოციალურ ქსელებში პოსტების გამო სასამართლო დევნას „მასობრივი ცენზურის პრეცედენტი“ და „გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა“ უწოდა.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. შესაბამისად, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს პოლიტიკოსებს, ან თუნდაც საჯარო ინსტიტუციებს ისეთ სუბიექტებად, რომელიც გაძლიერებული დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ შეურაცხყოფის ან დაცინვისაგან.
„სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მიუხედავად საიას შეშფოთებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს დღეებში სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელ პოსტებთან დაკავშირებული საქმეების განხილვა და გადაწყვეტილებების გამოტანა მოუწევს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0