საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კაბო-ვერდე ვერ დაამარცხეს

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთი. საქართველოს ნაკრები
ფეხბურთი. საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2025
გამოწერა
ორივე ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ნაწილი გახდა
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში კაბო-ვერდეს ნაკრებთან შეხვედრა ფრედ დაასრულა - 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ: მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, დაცვა - გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი (კაპიტანი), ლუკა ლოჩოშვილი, ნახევარდაცვა/შეტევა - ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი ქვილითაია, გიორგი გულიაშვილი.
პირველ ტაიმში ორივე გუნდმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა. ანგარიში პირველი ტაიმის დამატებით დროში (45+1) საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა საბა ლობჟანიძემ ნიკა გაგნიძის პასით გაიტანა.
მეორე ტაიმის ბოლოს, 80-ე წუთზე, ანგარიში საჯარიმო დარტყმით სტუმართა თავდამსხმელმა რაიან მენდესმა გაათანაბრა. გუგეშაშვილმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ ბურთს ვერ მიწვდა.
ივნისში გამართულ პირველ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ფარერის კუნძულები მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. „დინამო არენაზე“ გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ივნისის შეკრებაზე გუნდის ძირითადი მოთამაშეები - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი არ გამოიძახა.
ორივე ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის გახდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ნაწილი, რომელიც თბილისში 4 სექტემბერს, თურქეთთან მატჩით დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0