რამდენი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებისთვის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტის მოძრაობა თბილისში
ტრანსპორტის მოძრაობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2025
გამოწერა
მაისში 441 ჯარიმა გამოიწერა ფიზიკურ პირზე, 62 - იურიდიული პირის სახელზე.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 1940 სამართალდარღვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.
მხოლოდ მაისში 503 მსგავსი დარღვევა გამოვლინდა. აქედან 441 ჯარიმა გამოიწერა ფიზიკურ პირზე, 62 - იურიდიული პირის სახელზე.
ყველაზე მეტი - 226 ჯარიმა დაიწერა თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე, 110 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ბათუმში, 88 - რუსთავში, 79 კი ქუთაისში, ნათქვამია განცხადებაში.
292 ჯარიმა გამოუწერეს მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, 193 - მიკროავტობუსების და 18 - სატვირთო ავტომობილების მძღოლებს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია.
ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით უმცირდება.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს.
პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 36 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0