საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

© photo: Sputnikბათუმის მეჩეთი
ბათუმის მეჩეთი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2025
გამოწერა
მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ბათუმში მუსლიმი მრევლი ყურბან ბაირამს აღნიშნავს - მორწმუნეები ბათუმის მთავარ მეჩეთში დილიდან შეიკრიბნენ.
სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა.
ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. მორწმუნეები ალაჰს შინაურ ცხოველებს სწირავენ. ხორცის დიდი ნაწილი უნდა დაურიგდეს გაჭირვებულებს, ობლებსა და მეზობლებს, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა. ამ დღეს მორწმუნეები გულუხვად არიგებენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.
ყურბან-ბაირამის აღნიშვნა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს დაიწყეს. ყურბან-ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სათავეს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (იგივე აბრაამი) მიერ მსხვერპლშეწირვის ისტორიიდან იღებს, რაც სამივე მონოთეისტური რელიგიის — ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის წმინდა წერილებშია აღწერილი: უფალმა წინასწარმეტყველს მისი რწმენის გამოსაცდელად შვილის მსხვერპლად შეწირვა უბრძანა. როდესაც უზენაესი მის სიმტკიცეში დარწმუნდა, ბიჭის გათავისუფლება და მის ნაცვლად ცხვრის დაკვლის ნება დართო.
ისლამური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის აღსანიშნავად თითოეულმა მუსლიმმა მსხვერპლად ცხვარი, ძროხა ან სხვა პირუტყვი უნდა შესწიროს. ამავე დღეს ტარდება „ჰაჯობის რიტუალი", ანუ მოლოცვა მექაში, სადაც უამრავი მუსლიმი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს რიტუალი ყველა მუსლიმმა უნდა ჩაატაროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.
მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.
ყველა ახალი ამბავი
0