როგორი იქნება საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ - კალაძის განმარტება

© photo: Sputnikკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2025
გამოწერა
თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები პრაგმატული პოლიტიკის კალაპოტში რჩება
თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ისახავს მიზნად, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
„ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და გამოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან. ვინც არის პატრიოტი, უყვარს თავისი სამშობლო - აგენტურაზე და მოღალატეებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ პატრიოტებზე, ყველას მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობა, გაერთიანება და იმ ტერიტორიების დაბრუნება...“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სავსებით რეალურია. საქართველოს ხელისუფლება ატარებს რა პრაგმატულ პოლიტიკას, უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებდა სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რადგან ამით თავად საქართველო დაზარალდებოდა. ამავდროულად, ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
რუსეთი ამჟამად საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 5,4%-ით გაიზარდა და 5,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 2024 წელს 10,8% იყო, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის წილი მთელი იმპორტის 11,2%-ს შეადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0