განახლებული დიზაინის პასპორტი და პირადობა აგვისტოდან გაიცემა: ბრძანებაში ცვლილება შევიდა

© photo: Sputnik / Stringerსაზღვარგარეთის პასპორტი
საზღვარგარეთის პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2025
გამოწერა
ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოწმობები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით იმოქმედებს.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. მოქალაქეები ახალ პირადობის მოწმობას, პასპორტსა და დიპლომატიურ პასპორტს განახლებული დიზაინით ორი თვის შემდეგ, 1-ელი აგვისტოდან აიღებენ.
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები, იუსტიციის მინისტრის, ანრი ოხანაშვილის 2025 წლის მარტის ბრძანებით, მიმდინარე წლის 4 ივნისიდან უნდა შეცვლილიყო.
ბრძანებაში ცვლილება ახალმა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ შეიტანა.
ახალი ბრძანებით, ვადასთან ერთად გარკვეული ცვლილებები შევიდა მოწმობების ტექნიკურ მახასიათებლებშიც.
კერძოდ,
ახალი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს "ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური"
მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი;
ახალი მოწმობა ასევე უნდა მოიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოკუმენტის ან მასზე დატანილი მონაცემების ერთიანობის, ავთენტურობისა და კონფიდენციალურობის დაცვას, მათ შორის – მფლობელის თითის ანაბეჭდსაც.
ახალი ბრძანებით, მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე მფლობელის სურვილით შესაძლებელია ჩაიწეროს:
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები; ასევე დამცავი მონაცემები, რომლებიც ხელს უშლის მონაცემების არასანქცირებულ გამოყენებას.
განახლებული პირადობის მოწმებები კვლავ 10 წლის ვადით გაიცემა. ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, ID-ბარათებზე დატანილი იქნება QR-კოდი, რომელიც შესაძლებელს გახდის დოკუმენტზე დატანილი ინფორმაციის ონლაინ-გადამოწმებას. გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაყალბებისგან უფრო მეტად იქნება დაცული.
იუსტიციის სამინისტრომ უკვე განსაზღვრა პარამეტრები ორივე ტიპის დოკუმენტისთვის - მათ შორის, ეს არის სპეციალური ტიპის ქაღალდი, მიკროჩიპები, დამცავი ნიშნები და პერსონალური მონაცემები, რომლებიც დოკუმენტში იქნება შეტანილი.
შეიცვლება საქართველოს მოქალაქეების ბიომეტრული პასპორტების თითოეული გვერდის დიზაინიც. განსაკუთრებული ნიშანი იქნება პასპორტის ბოლო გვერდზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ნოტები.
გარდა პირადობისა და პასპორტისა, იცვლება დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ფორმები და ტექნიკური მახასიათებლებიც.
პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.
ყველა ახალი ამბავი
0