წლის პირველ სამ თვეში ბიზნეს სექტორის აქტივობა რეკორდული იყო - მინისტრის მოადგილე

© AP Photo / Andrew Harnikსაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2025
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,5%-ით გაიზარდა და 56 მლრდ ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. პირველ კვარტალში საქართველოს ბიზნეს სექტორის აქტივობა, მათ შორის, ბრუნვა, გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ბიზნეს სექტორის სტატისტიკის კომენტირებისას.
2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდულიმა მაჩვენებელმა 56 მლრდ ლარი შეადგინა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორის გამოშვებას, ის 20,7 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 15,6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდულ ოდენობას წარმოადგენს.
„ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ბიზნეს სექტორის აქტივობაა. 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9,3 პროცენტი შეადგინა, რაც, ძირითადად, ბიზნეს სექტორის მაღალმა აქტივობამ განაპირობა. დღეს გამოქვეყნებულმა სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის აქტივობა, მათ შორის, ბრუნვა, გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობა, რეკორდულად მაღალი იყო," - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პირველ კვარტალში გამოშვების ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და გაიზარდა როგორც მსხვილი საწარმოების, ისე მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 21 ათასით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდულ მაჩვენებელს - 771 ათასს გაუტოლდა.
„დღეს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიმოხილვა, რომლის ფარგლებშიც სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,2 პროცენტამდე გაზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინებს, რაც საქართველოს ეკონომიკაში 2025 წელსაა მოსალოდნელი," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებას და საქართველოს ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდას.
ყველა ახალი ამბავი
0