კობახიძე: საზოგადოების ნდობა ლარის მიმართ მზარდია

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2025
გამოწერა
ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაც დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თავისთავად, ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული თანმიმდევრული პოლიტიკა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში დღეს, 30 მაისს მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

„გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის, 10% შეადგინა, ასევე ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან 3%-იან მაჩვენებელთან ძალიან ახლოს არის, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხი და ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზების მიხედვით, საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, მოწინავე სამეულშია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაგრძელდეს განვითარების ეს გზა.
„ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ვართ ღია ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის ჩვენს ქვეყანაში და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ფაქტორია ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის", - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას.
„სწორედ მათი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქართული ლარი არის სტაბილური, ჩვენი ეროვნული ვალუტა არის მყარი, რაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებას", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კონფერენციაზე სახელწოდებით "ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე" მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი იღებს მონაწილეობას. მათ შორის ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. დაგეგმილია „ლარი 30"-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცემა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები.
ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო „თეთრი" XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.
ყველა ახალი ამბავი
0