ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.
გარდა ამისა, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს.
პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, გადაიტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. საქართველო რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას სთავაზობს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია, ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
Very productive meeting with 🇺🇸 Senator @SteveDaines. We discussed the strong partnership between Georgia and the U.S., our country’s vital role in ensuring peace and stability in the region, and the current political context in Georgia.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 30, 2025
I reaffirmed my Government’s firm… pic.twitter.com/tm7IkxcICP
დღეს საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ თბილისში ვიზიტით იმყოფება რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი, რომელიც გეგმავს, "გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა" დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ".
სენატორი დეინსი საქართველოში ჩამოსვლამდე აზერბაიჯანში იმყოფებოდა. საელჩოს ინფორმაციით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სენატორი დეინსი საქართველოში მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხვდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად გააკეთა კომენტარი საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მან თქვა, რომ ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომებს განიხილავს. კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის პასუხად რუბიომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას "ანტიამერიკული" უწოდა. განცხადება კონგრესში 21 მაისს გამართულ მოსმენაზე გაკეთდა.
ამას მოჰყვა რუბიოს მიერ აშშ-ის სახელით საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა. როგორც რუბიომ აღნიშნა, ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრობა და პარტნიორობა დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
27 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც წერილშია ნათქვამი, აშშ-ის ადმინისტრაცია სამომავლოდ ელოდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.