გამოწვევებმა გააზრებული მონეტარული პოლიტიკის აუცილებლობა დაგვანახა - თურნავა

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2025
გამოწერა
ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიზეზად ასახელებს გაურკვევლობას გლობალურ ბაზარზე და გარე ფაქტორების ძლიერ ზეგავლენას.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ბოლო წლების მოვლენებმა კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკისა და გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების მნიშვნელობა დაგვანახა, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში კი 8%-მდე შემცირდა და იმ დროიდან არ შეცვლილა.
„ბოლო წლების მოვლენებმა – პანდემიამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სავაჭრო დაძაბულობამ - რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და გაართულა ფასებისა და საფინანსო სტაბილურობის შენარჩუნება. ამან ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა, რათა სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოვახდინოთ გამოწვევებით სავსე გარემოში,“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაცია კვლავაც გამოწვევად რჩებოდა, საქართველოში წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დაბალ დონეზე შენარჩუნდა.
„საქართველოში დაბალი ინფლაციისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის სახით თანხვედრა რამდენიმე წელია ნარჩუნდება, რაც ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით და პროდუქტიულობის ზრდით აიხსნება. თუმცა კარგად გვესმის, რომ საქართველოში მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, და ამდენად, საგარეო ფაქტორების გავლენა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კონცენტრირებულები ვართ რისკების მართვაზე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარებაზე, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის შემცირებაზე, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიზეზად ასახელებს გაურკვევლობას გლობალურ ბაზარზე და გარე ფაქტორების ძლიერ ზეგავლენას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის მარტი 2024 წლის მარტთან) 3%-ოანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში 3,5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის მარტში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9% შეადგინა, ხოლო 2025 წლის იანვარ-მარტში მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,3% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0