თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ივნისში დაიწყება

© Batumi City Hallსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი
 - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2025
გამოწერა
საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. წელს თბილისს მოემსახურება 55 საზაფხულო ბაღი, რომელიც 20 ათასამდე აღსაზრდელს მიიღებს, იუწყება თბილისის მერია.
საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.
„საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება თვის ბოლომდე. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
„ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 55 საბავშვო ბაღში 3.300-მდე თანამშრომელი იმუშავებს", - აღნიშნა მერმა.
მისი თქმით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი.
პროექტი 2025 წლის ბიუჯეტიდან 5 მლნ-მდე ლარით დაფინანსდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სოციალური პროექტი "საზაფხულო ბაღების" განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. საზაფხულო ბაღები დედაქალაქში ივლის-აგვისტოში ფუნქციონირებენ. აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ქალაქში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0