საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ბუდაპეშტის შეხვედრას მაღალი შეფასება მისცეს

© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2025
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია იმართება
თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში უნგრეთის კოლეგასთან ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის წარმატებული თანამშრომლობა განიხილა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
ორი ლიდერის შეხვედრა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) ფარგლებში გაიმართა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქში 29-30 მაისს გაიმართება.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა“, - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელ Х-ში შეხვედრის შემდეგ.
საქართველო დიდად აფასებს უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საერთო ერთგულებას, აღნიშნა პრემიერმა.
ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ორბანიც გამოეხმაურა.
„ყოველთვის სასიამოვნოა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა. მოუთმენლად ველი მის ხვალინდელ (ხუთშაბათს - რედ.) გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“, - აღნიშნა ორბანმა.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია კონსერვატორების ყოველწლიური შეკრებაა, რომელიც შეერთებულ შტატებში 1974 წელს დაარსდა. ღონისძიებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახსნის. კონფერენციაზე ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა.
კობახიძე ბუდაპეშტში იმყოფება დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
საქართველო და უნგრეთი
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს რომ ბრიუსელმა რაიმე არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0