გირაოს გადახდის მიუხედავად, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არგადახდისთვის სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს და ირაკლი ოქრუაშვილს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძემ კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული 50 000-ლარიანი გირაო გადაიხადა, მოსამართლე ნატო ხუჯაძის განმარტებით, არ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდეს.
დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, დასაკითხ პირთა სიაში შეეყვანათ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომისიის წევრები. პროკურატურის მოთხოვნა კი იყო, რომ დასაკითხი პირების სიიდან გამოერიცხათ ზემოხსენებული პირები.
ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე გარანტიად ქონება ჩადო, იგი დაკავებას მაინც არ გამორიცხავს.
„რაც შეეხება ჩემ მიერ ქონების ჩადებას გარანტიად, ამით უბრალოდ რამდენიმე თვით გადავავადე პატიმრობა, ეს ძალიან კარგად მაქვს გააზრებული. ვართ ბრძოლაში, ბრძოლის წინა ხაზზე და შესაბამისად, ვაპირებთ, რომ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში“, - აღნიშნა ვაშაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა. გირაოს გადახდის ვადად მას 30 დღე განესაზღვრა.
პოლიტიკოსი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 15 აპრილს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.
ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციის აზრი გაიყო. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას იძიებს, სისხლის სამართლის დანაშაულია.
კომისიის სხდომაზე არგამოცხადების გამო სასამართლოში გამოძახებული იქნენ: „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები და ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, „მთავარი არხის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „ახალის" ლიდერი ნიკა მელია და თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე.
სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს ნიკა გვარამია - მას 7 ივნისამდე აქვს ვადა. გირაოს გადახდას ასევე არ აპირებს ნიკა მელია.
რაც შეეხება პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უკვე გადაიხადეს დაკისრებული გირაო - თითოეულმა 50 ათასი ლარის ოდენობით.
14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს.
22 მაისს 20 000-ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო დარბაზში დააკავეს ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც. მასაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა ედება ბრალად.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
ყველა ახალი ამბავი
0