პაპუაშვილი: აზერბაიჯანს მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
აზერბაიჯანი 28 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების 107-ე წლისთავს აღნიშნავს
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ნაყოფიერი ხანგრძლივ ხალხთაშორის მეგობრობასა და თანამშრომლობას ეფუძნება, რომელიც დღევანდელ ცვალებად და გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში ახალ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა პირველად 1918 წლის 28 მაისს მოიპოვა, გამოაცხადა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ 23 თვე იარსება. დამოუკიდებლობა აღდგა 71 წლის შემდეგ, 1991 წლის 18 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აქტის მიღებით. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას თბილისში მოეწერა ხელი.

„საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ასწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა ერთდროულად გამოაცხადეს, რაც არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რეგიონული მნიშვნელობის მოვლენა იყო", - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ორი მეზობელი ქვეყნის წინაპრებმა მაშინ დაადასტურეს, რომ ცივილიზებული კაცობრიობის მოწინავე ერებს წარმოადგენდნენ, ვინაიდან საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პროგრესული სოციალ-დემოკრატიული უმრავლესობა აირჩია პარლამენტში, ხოლო აზერბაიჯანი იყო პირველი მუსლიმური ქვეყანა დემოკრატიული წესწყობილებით.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნები ახალ გზას დაადგნენ, თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიული მმართველობის განვითარებისთვის განახლებული ბრძოლის სულისკვეთებით. მას შემდეგ, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა დინამიკურად განვითარდა და მტკიცე და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის სახე მიიღო", - განაცხადა სპიკერმა.
პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა „კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანს მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა უსურვა.
ორმხრივი ურთიერთობები
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბაქო და თბილიდი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
ყველა ახალი ამბავი
0