თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მიმდინარე წელს 4 მლნ ლარამდე გამოყოფს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების პროგრამას 2020 წლიდან ახორციელებს.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული აუტოიმუნური, ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. გაფანტული სკლეროზი ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების განვითარების უშუალო მიზეზი უცნობია.
„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს. პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა“, - განაცხადა კალაძემ.
მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების პროგრამას 2020 წლიდან ახორციელებს. თავდაპირველად ფინანსდებოდა ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი „ოკრელიზუმაბი" და „ფინგოლიმოდი". 2022 წელს კი მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა.
თბილისის მერის განმარტებით, პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა და მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა.
„აღნიშნული პროგრამა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის თავდაპირველად, მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო. ასევე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, მედიკამენტები პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდა. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა“, - აღნიშნა კალაძემ.
კალაძის თქმით, თბილისის მერიამ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 341 მოსარგებლის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, 2 000-მდე საგარანტიო წერილი გასცა.
„აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და გაფანტული სკლეროზის მქონე პირებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ“, -განაცხადა კალაძემ.
მერიის ცნობით, პროგრამის ბენეფიციარები ძირითადად 15-დან 60 წლის ჩათვლით თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები არიან, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით კი დაფინანსება 60 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო.
ყველა ახალი ამბავი
0