ივანიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

© Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
მმართველ პარტიაში აღნიშნულ შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ გზავნილი უნდა მოესმინა, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის საელჩომ განცხადება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შემდეგ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დანიგანმა ივანიშვილთან შეხვედრა 22 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თხოვნით ითხოვა.
„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
დიპწარმომადგენლობაში იმედი გამთქვეს, რომ საქართველოს მთავრობა გულწრფელად ისწრაფვის აშშ-სთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიანი პარტნიორობა და მეგობრობა აღადგინოს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები.
ამასთან, რუბიომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად გააკეთა კომენტარი საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მან თქვა, რომ ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომებს განიხილავს. კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის პასუხად რუბიომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას „ანტიამერიკული“ უწოდა. განცხადება კონგრესში 21 მაისს გამართულ მოსმენაზე გაკეთდა.
ამას მოჰყვა რუბიოს მიერ აშშ-ის სახელით საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა. როგორც რუბიომ აღნიშნა, ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრობა და პარტნიორობა დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
გუშინ, 27 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც წერილშია ნათქვამი, აშშ-ის ადმინისტრაცია სამომავლოდ ელოდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0