ბავშვთა დაცვის დღე თბილისში: მთავარ ღონისძიებას დედაენის ბაღი უმასპინძლებს

© photo: courtesy of Tbilisi City Hallბავშვთა დაცვის დღე
ბავშვთა დაცვის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
დღესასწაულზე ბავშვებს ელოდება უამრავი კონცერტი, სახალისო მასტერ-კლასი და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მრავალი აქტივობა გაიმართება, ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღში ჩატარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
უმცროსი თაობის საყვარელი დღესასწაული - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - ყოველწლიურად 1-ელ ივნისს აღინიშნება. ეს დღესასწაული მთელ მსოფლიოში 1950 წლიდან აღინიშნება.
„ახლოვდება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც ტრადიციულად გამორჩეული სიყვარულით აღვნიშნავთ. უამრავი პატარა ელოდება ამ დღეს. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გვექნება არაერთი აქტივობა. ცენტრალური ღონისძიება კი დაგეგმილია დედაენის ბაღში, სადაც განსაკუთრებული პროგრამა ელოდება ჩვენს პატარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, 1-ელ ივნისს დედაენის ბაღში ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზეა დაგეგმილი. გარდა საბავშვო კონცერტისა, 15:00 საათიდან დედაენის ბაღში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება: მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა და კინოს კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო სივრცე.
დედაენის ბაღში ასევე იქნება სპორტული აქტივობები, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, გაიმართება მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტ თერაპია, იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი შესაბამისი აქტივობები.
„გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. საკმაოდ საინტერესო სანახაობა გელოდებათ“, - განაცხადა კალაძემ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელ მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.
ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული, თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1-ელ ივნისს, მაგრამ, ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული. ეს 1-ელ ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სიმბოლური დროშა გააჩნია – მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ მდგომი სხვადასხვა ფერის ადამიანების ფიგურები.
ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი გასართობი და კულტურული ღონისძიებები. დღესასწაულს, როგორც წესი, აღნიშნავენ ბავშვებისადმი მიძღვნილი კონცერტებით, გამოფენებითა და სხვა ღონისძიებებით; იმართება საქველმოქმედო აქციები.
ყველა ახალი ამბავი
0