პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელა

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2025
გამოწერა
საგამოძიებო კომისია თვლის, რომ მას დამატებით ერთი თვე სჭირდება, რათა დაასრულოს მიმდინარე თემების კვლევა ათამდე საჯარო სხდომის ფორმატში და მეტწილად დასკვნის პროექტისათვის საბოლოო სახის მიცემით დაკავდეს.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით, მიმდინარე წლის 5 ივლისამდე გაუგრძელდა.
შესაბამის დადგენილებას პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 86 ხმით დაუჭირეს მხარი.
დადგენილების მიღებამდე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კანონმდებლობის წინაშე კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2025 წლის 13 თებერვლიდან 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს.
წულუკიანის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საგამოძიებო კომისიამ 300-ზე მეტი სხდომა გამართა და 100-ზე მეტი პირი გამოიკითხა. საგამოძიებო კომისიის სახელზე 600-მდე განცხადება შევიდა. დამუშავებულია 500-ზე მეტი განცხადება, რომელთა ნახევარზე მეტი ეხება წამებას/არაადამიანურ მოპყრობას, ქონებრივი უფლებების დარღვევას, ბიზნესის ჩამორთმევას, აგვისტოს ომს და ა.შ.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გახანგრძლივება, პირველ რიგში, 2013-2025 წლების პერიოდის კვლევისთვისაა საჭირო.
„ჩვენ მიერ განსახილველი ექვსი თემა ძალიან მასშტაბურია. მათგან მეექვსე საკითხი 2013 - 2025 წლების პერიოდს ეხება. ჩვენ გვევალება შევისწავლოთ ის დამაზიანებელი მოქმედებები, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები ან კიდევ ის პირები, რომლებიც დღეს პოლიტიკურ პარტიებში არიან გაწევრიანებული, ჩადიან სახელმწიფოსა და ქვეყნის წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. ეს თემა გამოსაკვლევად მიმდინარე წლის აპრილში გადმოგვეცა და შესაბამისად, ამ კონკრეტული თემის საკვლევად, დამატებითი ვადა გვჭირდება“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს პარლამენტის მიერ კომისიისთვის განსაზღვრული ხუთი თემის: მკვლელობები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია, მედიის თავისუფლება და 2008 წლის აგვისტოს ომი - კვლევა.
„მომდევნო თვეში ამ საკითხებზე მუშაობის მიმართულებით, ძირითადად დრო დაეთმობა დოკუმენტებზე მუშაობას და დასკვნის პროექტის შედგენის დასრულებას. დაგეგმილია, კომისიას 4-5 ივლისს დასამტკიცებლად შევთავაზოთ დასკვნა, თუ ჩვენი მუშაობის პერიოდში რაიმე განსაკუთრებული წინაღობა არ გამოიკვეთა და ასეთ შემთხვევაშიც, მხოლოდ ბოლო 1 თვე დაგვრჩება სამუშაოდ", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1-ელ აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებითაც არის დაკავებული.
კომისიის საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ უკვე განაცხადეს, რომ ანგარიშმა, შესაძლოა, ქვეყანაში არაერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად აღიარება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0