გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2025
გამოწერა
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის კრიპტოვალუტის ქურდობის საქმეზე დაუსწრებლად 11 წელი აქვს შეფარდებული, წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.
სამართლდამცველებმა ბაჩიაშვილი გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
„გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს ყოფილი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილისთვის 9 ათასამდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა. მას ქურდობისთვის 10 წლით, ხოლო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბაჩიაშვილის საქმე
ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. მას ივანიშვილის კრიპტოვალუტის გაფლანგვასა და 39,2 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბაჩიაშვილმა დაარწმუნა ივანიშვილი ბიტკოინის მაინინგში თანხა ჩაედო, შემდეგ კი შემოსავალი თავადვე მიითვისა. ივანიშვილის ყოფილ პარტნიორს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მოგვიანებით პატიმრობით შეეცვალა. გირაოს სახით შეფარდებულ 2,5 მლნ ლარს კი ბაჩიაშვილების უძრავი ქონებიდან ამოიღებენ.
„მტკვარი ჰესის" საქმეზე მეორე ბრალდება ბიზნესმენს მიმდინარე წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც მას გირაო შეუფარდეს - ამჯერად 50 ათასი ლარი. გამოძიების ვერსიით ბაჩიაშვილმა, როგორც ფონდის გენდირექტორმა, არაჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობა "მტკვარი ჰესის" მშენებლობის პროექტში ინვესტირების საკითხში. მოგვიანებით პატიმრობით შეეცვალა "მტკვარი ჰესის" საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 ათას ლარიანი გირაოც.
მიმდინარე წლის 4 მარტს ბაჩიაშვილმა ქვეყნის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მას საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მესამე ბრალდებაც წარედგინა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 47 წლის მამაკაცი დააკავეს.
ბაჩიაშვილს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
ყველა ახალი ამბავი
0