ქართული დიასპორის დღე: მინისტრმა თანამემამულეებისთვის განკუთვნილ პროექტებზე ისაუბრა

© Government of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2025
გამოწერა
საქართველოში ქართული დიასპორის დღე 2008 წლიდან აღინიშნება
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ძალისხმევის წყალობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული დიასპორის შესაძლებლობები ხარისხობრივად შეიცვალა - იხსნება ახალი კვირა სკოლები, ხორციელდება საგრანტო პროგრამები, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მეორე დღეს, 2008 წლიდან ქვეყანაში, ტრადიციულად, აღინიშნება ქართული დიასპორის დღე. ფორუმში მონაწილეობენ მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატები, ასევე დიასპორის წარმომადგენლები.
„საქართველოს მთავრობის ძალისხმევის წყალობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ქართული დიასპორის შესაძლებლობები ხარისხობრივად შეიცვალა. დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ 300-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაცია, 100-ზე მეტი საკვირაო სკოლა, ფოლკლორული ანსამბლი, თეატრი და მედია-პლატფორმა ფუნქციონირებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საკვირაო სკოლების მხარდამჭერი საგრანტო პროგრამების ფარგლებში წელს შემუშავდა ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც დიასპორებს უფასოდ გადაეცემათ.
„წელს პირველად განხორციელდა საკვირაო სკოლის მასწავლებლების გადამზადების პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ შესაძლებლობებს“, - დასძინა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ სიმბოლურ ფაქტს, რომ დიასპორის დღე აღინიშნება 27 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მეორე დღეს.
„სიმბოლურია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ 27 მაისს, ქართული დიასპორის დღის აღნიშვნა, რაც ჩვენს ერთიანობას უსვამს ხაზს. ყოველწლიურად დიასპორის ფორუმის ფარგლებში ჩვენი შეკრება ემსახურება ჩვენი ურთიერთობის განვითარებას და სამშობლოსთან ჩვენი ძვირფასი თანამემამულეების კავშირის გამტკიცებას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0