კვლევა: საქართველოში ლუდის მოხმარება ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

ლუდი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2025
გამოწერა
საქართველო ქვეყანაში წარმოებულ ლუდს ყიდის ყაზახეთში, სომხეთში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და ისრაელში.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში ლუდის მოხმარებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ნათქვამია TBC Capital-ის კვლევაში.
ანალიტიკოსების მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს მოსახლეობამ 138 მილიონი ლიტრი ლუდი მოიხმარა, მაშინ როდესაც 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 105 მილიონი ლიტრი იყო.
ამასთან, იმპორტირებული ლუდის მოხმარების წილი ხუთი წლის განმავლობაში 6%-დან 13%-მდე გაიზარდა. 15 წელს ზემოთ მოსახლეობაში, ერთმა ადამიანმა წელიწადში საშუალოდ 46 ლიტრი ლუდი მიიღო. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 42 ლიტრი იყო, 2020 წელს კი 36 ლიტრი.
„გაზრდილი შიდა მოთხოვნა, განსაკუთრებით იმპორტირებულ ლუდზე, გამოხატულია იმპორტის მნიშვნელოვან ზრდასა და ექსპორტის შემცირებაში“, - ნათქვამია კვლევაში.
საქართველოში ლუდი გერმანიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ჩეხეთიდან და უკრაინიდან შემოდის. ამასთან, საქართველო მის მიერ წარმოებულ ლუდს ყიდის ყაზახეთში, სომხეთში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და ისრაელში.
2024 წელს ლუდის საშუალო საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და ლიტრზე 1,11 დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული ლუდის ფასი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით შემცირდა და ლიტრზე 1,2 დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების თქმით, მოსალოდნელია, რომ ძირითად ბაზრებზე, FMCG-ისა და HORECA-ს დარგებში მომდევნო წლებში მდგრადი ზრდის ტემპები შენარჩუნდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ლუდის წარმოების მოცულობა 2024 წელს ძირითადად უცვლელი დარჩა, ფასების ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების ღირებულება“, - ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს, ექსპერტების თქმით, უალკოჰოლო სასმელების ადგილობრივი წარმოება სტაბილურად იზრდება ღირებულებითი თვალსაზრისით და, სავარაუდოდ, წელს ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
უალკოჰოლო სასმელებზე შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადად ადგილობრივი საწარმოების მიერ ხდება, რასაც ბოლო წლებში იმპორტის თითქმის უცვლელი მოცულობებიც ადასტურებს.
უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2024 წელს 150 მილიონ ლიტრს მიაღწია.
ქართული უალკოჰოლო სასმელების ძირითადი მომხმარებლები არიან რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, სომხეთი და უზბეკეთი.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს უალკოჰოლო პროდუქცია რუსეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, უნგრეთიდან და ავსტრიიდან შემოაქვს.
ყველა ახალი ამბავი
0