საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
© President of Georgiaმიხეილ ყაველაშვილი

გამოწერა
ყაველაშვილის თქმით, დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საზეიმო ღონისძიების სტუმრებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით და ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმარა, რომელიც თბილისსა და კიდევ ხუთ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა - ვეჯინის სამონასტრო კომპლექსის, ნოქალაქევის, გეგუთის, სამთავისის, ელიას მთის ტერიტორია.
„დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო. ზუსტად 107 წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედ-იღბალი", - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, წინაპრები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო.
„სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი, ან ვალდებულება. ეს არის უწყვეტი პროცესი, ერთგვარი მისია – ქართველი ხალხის ხვედრი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ბრძოლით დაიწყო და არასდროს დასრულდება, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი. სწორედ ამ იდეისთვის, მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ, ამ სამიდან, რომელიმე გამოაკლდება ჩვენ დავკარგავთ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია, დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ყაველაშვილის თქმით, რომ არა ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქვეყნისთვის ძალიან რთულ და საშიშ პერიოდში, მხოლოდ ხელისუფლის გონივრული და ეროვნული პოლიტიკა ვერაფერს გახდებოდა.
„მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ პატრიოტ მოქალაქეს, ყველას, ვინც იწამა საკუთარი ქვეყნის ძალა, დადგა სამშობლოს სადარაჯოზე და უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს გადარჩენასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა იყოთ ამაყი თქვენი თავდადების, გონიერებისა და ერთგულების გამო. უნდა იამაყოთ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ იშვიათი შესაძლებლობა და გავერთიანდით ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, რომელმაც შესაძლოა მომავალი ათწლეულები განსაზღვროს. ჩვენ, ერთიანობითა და წინდახედულებით, წარმატებით გავიარეთ საფრთხის პირველი ეტაპი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთივე წარმატებით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
თბილისში საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საპატრიარქოს წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
დღეს თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები. გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, თეატრალური წარმოდგენები და ეროვნული ანსამბლების კონცერტები.