კალაძე: 26 მაისი ქართველი გმირების მონაპოვარია

© courtesy of Georgian Dreamკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2025
გამოწერა
26 მაისს საქართველო ეროვნულ დღესასწაულის - დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. 26 მაისი იმ ქართველი გმირების მონაპოვარია, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - გამარჯვების, თავისუფლების, ჩვენი ეროვნული იდენტობის ურყეობის სიმბოლოდ ქცეულ 26 მაისს. ეს დღე იმ ქართველი გმირების მონაპოვარია, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ასევე, ყველა იმ პატრიოტი ადამიანის, ვინც სამშობლოს ემსახურა თავდაუზოგავი შრომით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით”, -განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სწორედ ასეთ პატრიოტებზე დგას დღესაც ქვეყანა, „რაც გვაძლევს საფუძველს ყველას გასაგონად ვთქვათ - საქართველოს დამოუკიდებლობა არასდროს დაითმობა”.
კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 107 წლის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილისში - თავისუფლების მოედანზე, ვეჯინის სამონასტრო კომპლექსის, ნოქალაქევის, გეგუთის, სამთავისის, ელიას მთის ტერიტორიაზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამხედრო ფიცი 700-მდე რეკრუტმა დადო.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
დღეს თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები. გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, თეატრალური წარმოდგენები და ეროვნული ანსამბლების კონცერტები.
ყველა ახალი ამბავი
0