უცხოელი დიპლომატები ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა მისიებმა ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ", - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკის მილოცვის ტექსტში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული - სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით.
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მილოცვის ტექტსში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„1918 წლის 26 მაისს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისგან და მას შემდეგ იბრძვის თავისუფლებისთვის. დღეს საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებში," - დაწერა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ.
გერმანელი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა მიულოცა.
„ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში," - დაწერა სოციალურ ქსელ "იქსზე" პიტერ ფიშერმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი.
როგორც მელინე არაკელიანი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ნიდერლანდები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი.
„ნიდერლანდების სამეფოს სახელით მსურს ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა... ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი ურყევი მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და ვიქნებით. გაუმარჯოს საქართევლოს“, – განაცხადა მელინე არაკელიანმა.
ქართველ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი.
როგორც ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, იგი საქართველოს უსაფრთხოებით, წინსვლითა და ინოვაციით აღსავსე მომავალს უსურვებს.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება და სილამაზე უმალვე იპყრობს თვალს, მაგრამ რაც სამუდამოდ ტოვებს გულში კვალს, ეს მისი შინაგანი არსია – გამძლეობა, შემოქმედებითობა, კულტურული სიღრმე, ღირსებითა და იდენტობით გამორჩეული ხალხი. ამ ეროვნულ დღეს გისურვებთ უსაფრთხოებით, წინსვლითა და ინოვაციით აღსავსე მომავალს – დაფუძნებულს ამ ქვეყნისადმი ღრმა სიყვარულზე“, – დაწერა მეიცადმა.
საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას. თავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტირებულად. გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!”, – დაწერა ელჩმა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.