მეფე ჩარლზ III და პრეზიდენტები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავენ

© photo: Sputnik / Stringerდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2025
გამოწერა
სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები საქართველოს ძლიერ და უსაფრთხო მომავალს, ქართველ ხალხს კი მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებენ.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.
ჩარლზ III-ის მისალოცი წერილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა.
„მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე მოხარული ვართ გამოგიგზავნოთ ჩვენი ყველაზე გულთბილი მილოცვა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით ვუგზავნით ჩვენს საუკეთესო სურვილებს ყველა ქართველს მომავალ წლებში“,- ნათქვამია მეფე ჩარლზის მისალოც წერილში.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება, დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს“, – დაწერა სოციალურ ქსელში რინკევიჩმა.
მოლდოველი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პრეზიდენტი მაია სანდუ.
„ვულოცავ მამაც ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოლდოვა მხარს უჭერს ყველას, ვისაც სჯერა თავისუფლების, ღირსებისა და ევროპული მომავლის. ჩვენი მოგზაურობები შეიძლება ყოველთვის არ იყოს მარტივი, მაგრამ ღირს ერთად გამგზავრება. საქართველოს გაუმარჯოს!", - დაწერა სოციალურ პლატფორმა X-ზე სანდუმ.
საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები.
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0