„დასრულდა ის დრო": კალაძე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს

© Courtesy of Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2025
გამოწერა
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. მიმდინარე წელს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოსა და თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე მიმდინარე 118 უკანონო მშენებლობა შეაჩერა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.
კალაძის თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
„ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელიც დღესაც პრობლემაა. მიმდინარე წელს ინსპექციის მიერ უკვე შეჩერებულია 118 უკანონო მშენებლობა. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევი ყოველ ჯერზე ჯარიმდება 50 ათასი ლარით, მეორე ჯერზე კი კანონმდებლობის დაუმორჩილებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”, -განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მუნიციპალური ინსპექცია ასევე უფლებამოსილია განახორციელოს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობების მიმართულებით, კანონმდებლობა 2019 წლიდან გამკაცრდა და გაიზარდა ფინანსური სანქციები. ასევე, ობიექტის მშენებლობის შეჩერების დაუმორჩილებლობასა და სამუშაოების გაგრძელებაზე შემოღებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
„მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს ნებართვის მისაღებად“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მერია არავის ზღუდავს მშენებლობაში, ოღონდ ეს უნდა იყოს სწორი, გამართული პროცესი. იქ, სადაც მშენებლობა მიუღებელია, უწყება ნებართვებს არ გასცემს და არავის მისცემს შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობები აწარმოონ.
„ის დრო დასრულდა, როდესაც ვისაც სადაც და როგორც უნდოდა, იმას აშენებდა. ჩვენ დავამთავრეთ ის დრო, როდესაც ხდებოდა მიტაცება და გასხვისება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების და მათ ნაცვლად სამშენებლო სამუშაოების წარმოება. რეკრეაციული სივრცეები უნდა დარჩეს ქალაქს, მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისში უკანონო მშენებლობების თემა განსაკუთრებით აქტუალური 2020 წელს გახდა. სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა, რასაც ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. როგორც მაშინ უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული ნაგებობების მეპატრონეები მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული.
ყველა ახალი ამბავი
0