გიორგი ვაშაძე 50 000 ლარიან გირაოს გადაიხდის

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2025
გამოწერა
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტიასტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებულ 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის, განაცხადა „პალიტრანიუსთან” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა. მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.
პოლიტიკოსი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 15 აპრილს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.
ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციის აზრი გაიყო. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას იძიებს, სისხლის სამართლის დანაშაულია.
კომისიის სხდომაზე არგამოცხადების გამო სასამართლოში გამოძახებული იქნენ: თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები და ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, „მთავარი არხის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „ახალის" ლიდერი ნიკა მელია და თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე.
სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს ნიკა გვარამია - მას 7 ივნისამდე აქვს ვადა. გირაოს გადახდას ასევე არ აპირებენ ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
გიორგი ვაშაძე კი თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია დისკუსია, რადგანაც, მისი თქმით, „არ შეიძლება ყველას ციხეში გაშვება".
რაც შეეხება პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უკვე გადაიხადეს დაკისრებული გირაო - თითოეულმა 50 ათასი ლარის ოდენობით.
14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს.
სასამართლოს თავდაცვის ექს-მინისტრის მიერ გირაოს გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით საქართველოს პროკურატურამ მიმართა.
თავად ოქუაშვილის განცხადებით, იგი არ ცნობს როგორც პარლამენტის, ისე კომისიის ლეგიტიმაციას.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
ყველა ახალი ამბავი
0