იოგის საფარქვეშ მოქმედი ჯგუფი ტრეფიკინგს ეწეოდა: საქართველომ საფრანგეთს ძებნილები გადასცა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2025
გამოწერა
დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელებმა საფრანგეთში სულ მცირე შვიდი პირი გადაიყვანეს და მონაწილეობა მიიღეს მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოდან საფრანგეთში ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ძებნილი პირების ექსტრადიცია განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული პირები საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2024 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. ისინი ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.
ფრანგული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფი „ტანტრა იოგის“ საფარქვეშ მოქმედებდა და მის მიზანს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანთა ტრეფიკინგი წარმოადგენდა.
კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელებმა საფრანგეთში სულ მცირე შვიდი პირი გადაიყვანეს და მონაწილეობა მიიღეს მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული პირების საფრანგეთში ექსტრადიცია ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი. 2025 წლის 16 აპრილს კი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე.
ძებნილი პირები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა უკვე გადასცეს საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.
ყველა ახალი ამბავი
0