საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას ახალი უწყება დაემატება

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტროს შენობა
თავდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2025
გამოწერა
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ძირითადი ფუნქციაა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და თავდაცვის ძალების რეზერვის აღრიცხვა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება, შესაბამისი ცვლილებები „თავდაცვის კოდექსში“ შევა, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლოს შეიქმნა საქართველოს თავდაცვის ძალებში გაწვევის ახალი ფორმის დანერგვის მიზნით, რომელიც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში. სააგენტოს ძირითადი ფუნქციაა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და თავდაცვის ძალების რეზერვის აღრიცხვა.
„სააგენტოს სტრუქტურა მუნიციპალიტეტების მიხედვით მოიცავს სამსახურებს და მას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გააჩნია, რომლის გამოყენება საომარი მდგომარეობის შემთხვევაში საჭირო გახდება“, - განმარტავს თავდაცვის სამინისტრო.
უწყების განცხადებით, მშვიდობიანობის დროს საჭიროა სააგენტოსა და თავდაცვის ძალების მიერ ერთობლივად განხორციელდეს წვრთნების, ტრენინგების, სწავლებების დაგეგმვა-ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების მომზადება.
პარლამენტში წარდგენილი თავდაცვის სამინისტროს მიერ მოზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებებს შემდეგ კანონებში: „თავდაცვის კოდექსი“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონი და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“.
განახლებული „თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.
ცვლილებების მიღების შემდეგ ჩატარდება ერთობლივი წვრთნები და შემუშავდება ოპერატიული გეგმები, სტანდარტული პროცედურები და შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
ყველა ახალი ამბავი
0