თბილისის მერია: აწყურის ქუჩაზე საზტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი იცვლება
© Sputnik / Viktor Kaminskyმეტრო „ისნის" მიმდებარე ტერიტორია

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ისნის რაიონში, აწყურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, იუწყება თბილისის მერია.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები, რომლისთვისაც თბილისის ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარია გათვალისწინებული, მიმდინარე წლის 14 თებერვალს დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, გასულ წლებში ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში აწყურის ქუჩის მცირე ნაწილი მოწესრიგდა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ხორციელდება.
„მიმდინარე სამუშაოების გამო, იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. კერძოდ, ავტობუსები: N296, N312, N318, N322, N330, N341, N356, N361, N376 და N396, რომლებიც მეტროს სადგურ „ისანთან“ წრიულად მოძრაობდნენ - ვაჟა ჩაჩავას, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, ამჯერად, მოტრიალდებიან ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ წინ და გაჩერდებიან მეტროს სადგურის მოპირდაპირე მხარეს", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული სქემით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორი თვის განმავლობაში იმოძრავებს, ხოლო შემდეგ ჩვეულ მარშრუტს დაუბრუნდება.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.