ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის: კალაძე „ლეგენდების მატჩზე”

© Courtesy of Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2025
გამოწერა
თბილისში, 16 მაისს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებენ.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ლეგენდების მატჩი, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება, საინტერესო და სანახაობრივი, განაცხადა „მილანის" ყოფილმა ფებურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„დინამო არენაზე“ 16 მაისს ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.
„დღეს ღამე რონალდინიოც შემოუერთდება გუნდს. ეს ჩემთვისაც სასიხარულოა, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ასევე, მასთან ერთად ვთამაშობდი „მილანში“. მიხარია, რომ ვხვდები ადამიანებს, ვისთან ერთადაც - ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში მითამაშია. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა“, - განაცხადა ლეგენდების მატჩის მონაწილემ კახა კალაძემ.
დღეს კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთა არველაძესთან, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ ხავიერ სავიოლასთან და უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთან ერთად მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა.
„სასიამოვნოა, რომ ამ დონის გუნდები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში. „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს - ჰყავდა ძლიერი, წარმატებული ფეხბურთელები. საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც გულშემატკივრობს ამ გუნდს, მსგავსი თამაშები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები საკუთარ ქვეყანაში იხილონ”, -განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს წარმატებები უსურვა.
ლეგენდების მატჩი
თბილისში, 16 მაისს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგური შეხვედრა „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე გაიმართება.
მატჩის მთავარი ვარსკვლავი 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი რონალდინიო იქნება. ასევე კატალონიის გრანდის რიგებში ითამაშებენ მაქსველი, ედგარ დავიდსი, ლუდოვიკ ჟიული და სხვ.
მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. 10 წლის წინ თბილისში, „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
მატჩის ორგანიზატორი კომპანია Sports Orient, ხოლო გენერალური სპონსორი აზარტული თამაშების ერთ-ერთი წამყვანი შვედური კომპანია Betsson-ია.
Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. პირველი მატჩი 2024 წლის 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე” მილანის „ინტერის” ლეგენდებმა ჩაატარეს. ისინი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ Geo11-ის ნაკრებს შეხვდნენ და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს დუბლით, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.
Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში მომავალი წლების განმავლობაში ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.
ყველა ახალი ამბავი
0